
წიგნი
გუშინ, მე და ბაბისა მზიან კაფეში ვიჯექით, წითელი ფორთოხლის წვენს ვწუპავდი და თავში გენიალური (?) იდეა მომივიდა, დუდისთვის საჩუქრად წიგნი მეყიდა. ზოგადად, საჩუქრების ყიდვა მსიამოვნებს ხოლმე, მაგრამ შემდგომი რამოდენიმე კვირა მჭამს ფიქრები, მოეწონა თუ არა ადრესატს საჩუქარი, ნამდვილად მოეწონა თუ თავი მომაჩვენა და ასე შემდეგ.
წიგნი ტაშენის გამოცემისაა და ქალის თეთრეულის ისტორიას ეხება :) რატომ მეგონა რომ დუდის ეს წიგნი მოეწონებოდა არ ვიცი, შეიძლება უფრო იმიტომ, რომ მე მაინტერესებდა ძალიან! ყველაფრის მიუხედავად, კარგი წიგნია, ეგვიპტური ჯი-სტრინგებიდან დაწყებული, 1990 -იანი წლების ბოლომდეა მოთხრობილი როგორ "ვითარდებოდა" ქალის თეთრეული. წიგნის საფუძვლიანად გადათვალიერების შემდეგ ეს დასკვნები გამოვიტანე:
. ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ეგვიპტეში, უფრო გულახდილად გარყვნილი საზოგადოება იყო, ვიდრე დღესაა
. შუა საუკინეების თეთრეულს და კორსეტებს დიდი სიამოვნებით ვატარებდი ყოველ დღე, სულაც არ მეზარება ათასი თასმის და ბანტის შეკვრა! ულამაზესია.
. ქალები ყველაზე სექსუალური არსებები არიან.. აბსოლიტურად ყველანაირი ქალი, ყველა ეპოქაში.
დასკვნა: წიგნით მე კარგად გავერთე, დუდიმ ერთხელ გადაათვალიერა. so weird.. ჰო, გაზაფხულზე ვაპირებ რომელიმე კარგ მკერავთან მივიდე და belle epoque -ის სტილის კაბა შევაკერინო, ატმისფერი კრემისფრით და ძალიან ჰაეროვანი მაქმანებით. ძალიან თუ მომეწონა, სულაც ამ ტანსაცმელზე გადავალ.
Etre en Regime..
ვინაიდან, აპრილიდან დაწყებული დიეტით, საკუთარი ძალებით დაკლებული რამოდენიმე კილოდან ნახევარი უკან ავანაზღაურე, გადავწყვიტე მივმართო დიეტოლოგს. რომელიც შემიდგენს დიეტას, ყოველკვირეულად გამაკონტროლებს, და მოკლედ.. ბევრი ფული რომ მქონდეს ავიყვანდი ადამიანს, რომელიც მუდმივად იზრუნებდა, რომ ჩემთვის დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები მოემზადებინა, გააკონტროლებდა ჩემს კვებას, სასუსნავის მოთხოვნილებებს და ა.შ.
რეზულტატს თუ მივაღწიე, აუცილებლად დავწერ.
თეო ანგელოპულოსი და ფილმის ჩვენება ჩაისთან ერთად
კვირას მე და ბაბისამ გადავწყვიტეთ თეო ანგელოპულოსის ოთხსაათიან ფილს ჩავუჯდეთ. ფილმს ქვია Weeping Meadow. ანგელოპულოსის ტრილოგიის პირველი ფილმია.. ბერძენ ემიგრანტებზე, ულამაზესი მუსიკით, ისტორიებით.. დაახლოებით ერთი წლის წინ მაქვს ეს ფილმი ნანახი და კიდევ დიდი სიამოვნებით ვნახავ, გავიხსენებ და სავარაუდოდ ბევრს ვიბღავლებ, იმიტომ რომ ძალიან ადამიანური ფილმია, ადამიანური ტკვილებით.
სულ ესაა. რამე კიდევ თუ მოხდება საინტერესო, აუცილებლად დავწერ.
ეს კიდე ფილმის საუდტრეკი, გენიალური ბერძენი კომპოზიტორის, ელენი კარენდორუ-ს მუსიკა :)
Thursday, February 4
დიეტა და წიგნი ქალის თეთრეულზე
Posted by Anuschka at 9:38 PM View Comments Links to this post
Sunday, January 31
MOSCHINO - one I love

დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ერთადერთი, რაც მიყვარდა ის იყო. ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც პატარა დეტალის სახით მაგრამ ყოველთვის იარსებებდა.
MOSCHINO - პირველად 2006 წელს გავიცანი, სუნამოთი I Love Love. ამ დროს მეც 16 წლის ვიყავი და ყველაზე ძალიან მისი შუშხუნა, ციტრუსის არომატიანი სუნი მიზიდავდა. ეს სუნი ყველგან თან დაყვებოდა ჩემ ჩადენილ სითავხედეებს. დაულაგებელ კარადებს, მოუწესრიგებელ ლურჯ ოთახს, და აფორიაქებულ განცდებს.
MOSCHINO მალე ჩემთვი არომატიდან სტილად გადაიქცა, სტილად, რომელიც ყოველთვის, ყველა დეტალით ჩემეული იყო. ხშირად მაქვს ხოლმე განცდა, რომ რაღაც ახალი მინდა. და რა არის ეს სიახლე, აზრზე ვერ მოვდივარ, ან დრო არ მყოფნის ამ საკითხზე საფიქრად, ან სურვილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსკინო ყოველთვის ის არის ხოლმე რაც მინდა. მის ფესაცმელს, კაბებს ან უბრალოდ აქსესუარებს, ყოველთვის აქვთ გამორჩეულად ის, რაც მაქვს მე - რა, არ ვიცი. ჩემებურობა, ალბათ.
ოდესაში, მოსკინოს მაღაზია ჩემს საყვარელ რიშელიევსკაია-ზე იყო, და რომ შევხედე 80%-იან ფასდაკლებას, მეორე დილით ზღვაზეც კი არ წავედი (!) და დილითვე მივადექი მაღაზიას. ერთი ლურჯი ველვეტის კაბა მომეწონა, რომელიც დაახლოებით 9000 გრივნა ღირდა (1200 $-მდე). ნუ, იმედი მქონდა, რომ 80%-იანი ფასდკლებით შევწვდებოდი ამ კაბას. მიუხედავად იმისა,რომ ძალიან კარგად მქონდა და ზუუუსტად ჩემი ზომა იყო, თან გასახდელიდან გამოსვლისთანავე დუდის აღფროვანებული თვალები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა - კაბა მაინც ვერ ვიყიდეთ - როგორც აღმოჩნდა, ამ მოდელზე არ იყო ფასდაკლება ....მე ეს კაბა დღემდე მიყვარს, დღემდე ვფიქრობ ვინ იყიდა, ვის კარადაში კიდია და როგორ გრძნობს თავს. და ვიცი, რომ ერთ დღეს რამე მსგავს მოსკინოს მაინც ვიყიდი, თუ ზუსტად ისეთს არა :)
მესამე და ყველაზე საყვარელი შეხვედრა მოსკინოსთან ჩემს დაბადებისდღეზე მქონდა, როდესაც ჩემმა ძმამ და მისმა შეყვარებულმა, მოსკინოს ეს სეტი მაჩუქეს, რომელშიც შედის მოსკინო გლამური -სუნამო ტანის ლოსონით და დუშ გელით :)
ზაფხულისთვის სასურველი ნივთების სია ამ ფეხსაცმლით იწყება.რომელიც იდეალური იქნება ჯინსებთან :) ამ დროისთვის 200$-მდე ღირს ონლაინ მაღაზიებში, და ადრეული გაზაფხულითვის თუ მოვაგროვებ ფულს, ზაფხულში უკვე ეს საყვარელი ბალეტკებიც მექნება. თუმცა, საბედნიეროდ, სია ამით არ მთავრდება :)
ჰო, ესეც აუცილებელია.ყოველთვის, როცა იცვამ და სადმე გადიხართ, ეს სიმრერა ჩართე ხმამაღლა, კარადიდან სარკემდე ხალისიანი განწყობით იარე, და გასვლისას დარწმუნებული იყავი, რომ ძალიან ძალიან ლამაზი ხარ!
Posted by Anuschka at 5:11 PM View Comments Links to this post
Sunday, January 24
La llorona - მტირალა
ასე ხდება ხოლმე. ცხოვრება ჩერდება და ჩვეულებრივად გრძელდება. მე მაინც იმის მჯერა ხოლმე, რომ თუ ძალიან არ მოინდომე ყველაფერი ყოველთვის ჩვეულებრივად იქნება. სასწაულებიც იმიტომ ხდება ხოლმე, რომ ჩვენ ასე ძალიან გვინდა. ვისვენებ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩაფლული ვარ ისეთ საქმეებში, რომელიც მარტო მე მეხება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
ნიურნბერგის პროცესი
სასწავლი მქონდა ამ პროცესის პრინციპები და წესდება, მთავარი ომის დამნაშავეები და მათი დაცვის არგუმენტები. თეირანის, იალტის და პოტსდამის კონფერენციები. როგორ გადანაწილდა ევროპა, ვინ დაისაჯა და ვინ არ დაისაჯა, ის, რომ სინამდვილეში არავის ადარდებდა 200 000 მკვდარი ებრაელი, უბრალოდ ტერიტორიების და ძალაუფლების გასაზრდელად ეს კარგი საბაბი იყო. ის, რომ უკრაინელები თითქმის ამდენივე ამოწყდნენ 1930-იანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე, სტალინის რეჟიმის ხელშეწყობით. ის,რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, ის, რომ ამდენი კაციჭამია საიდან გაჩნდა, და ის, რომ დღესაც იგივე ხდება.
წიგნები
აქაც მეორე უკიდურესობაში ვარ გადავარდნილი. 4 წიგნს ერთად ვკითხულობ, ან მეტსაც, არვიცი, ჩამოვთვლი და ვნახოთ:
1.
მილორად პავიჩი - "საწერი მოწყობილობების ზანდუკი". ეს წიგნი ბაბისამ მაჩუქა დაბადების დღეზე.ჰოდა დიდი მადლობა ^_^, უსაზღვროდ კარგი წიგნია, ძალიან რომანტიული და ექსპრესიონისტული. სულ რომ არ შეგეძლოს ადამიანს მხატრვრულად აზროვნება,მაინც წარმოგადგენონებს ყველაფერს. წიგნი ცოტა ნისლიანია, მწარე ყავის გემო აქვს. შინაარსი ძალიან საინტერესოდ ვითარდება, კარგი საკითხავია, და ჩემთვის მთავარი რაცაა - ახალ რაღაცეებს ვგებულობ. ვერ ვიტან ამხელა მწერლები ჩემთვის უკვე ნაცნობ ჭეშმარიტებებზე რომ იცლიან კალამს. ერთადერთი მინუსი არის ზედმეტი ექსპრესიონისტულობა - მწერალი გასაქანს არ უტოვებს შენ შეგრძნებებს. გაწვდის - ეს ასე იგრძენი ეს ასეო. ჩავალ ბოლომდე და ვნახოთ.
2.
მარიო ვარგას ლ'ოსა - "დონ რიგობერტოს დღიურები". ეს წიგნი ჩემი საყვარელი წიგნის "საქებარი სიტყვები დედინაცვალს" - გაგრძელებაა. იგივე პერსონაჟები, და შინაარსის ხაზია.მეგონა რომ უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ კითხვისას ვხვდები, რომ სულაც არ იყო იმ "უკმაყოფილების შეგრძნების" შევსება აუცილებელი, რაც პირველმა წიგნმა დამიტოვა.
3.
ხოსე ორტეგა ი გასეტი - "მასების ამბოხი". ეს ფილოსოფიური ნაშრომი მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია შექმნილი და ევროპელი ხალხის, კულტურის და იდეოლოგიის გარდაუვალ კრიზისზე ყვება. ძალიან საინტერესო წიგნია, რომ კითხულობ, ერთი ხელის მოსმით ანგრევ ძველ ღირებულებებს და იღებ ახალს. ჰო, ეს ძალიან ცოტა ფილოსოფოსს შეუძლია. ერთია-ლოგიკური განსჯა და მეორეა დამარწმუნებლობა, გაადამიანურება. ასე რომ, თანამედროვე სამყაროს და ცივილიზაციის პრობლემები თუ გაინტერესებთ ეს წიგნი ძალიან კარგია
4.
უილიამ ფოლკნერი - "აგვისტოს ნათელი" . ფოლკნერის ეს წიგნი სამი წლის წინ წავიკითხე პირველად. იმხელა გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ დუდის (მაშინ ჩემი ქმარი არ იყო) დავურეკე, და უპირობოდ ვშორდებოდი. განცდებში ვიყავი, ადამიანის ხმის გაგონება არ მინდოდა, მეშინოდა ჩემი თავის და გარშემო ყველასი. წიგნი ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი და არცერთი, აი არცერთი სიტყვა ზედმეტი არაა. იმდენად ბუნებრივია, რომ გამოხედვების დონეზე გრძნობ ადამიანებს კითხვისას და შენც იქ ხარ. ჯეფერსონის ცხელ და მტვრიან გზებზე, უზომოდ ატკივებული და გაზრდილი მუცლით, ვერშობილი ნაყოფით, სამხერხაოს წითელი მტვრით და უუუამრავი ამბით, რომელსაც ფოლკნერი ისე ყვება, როგორც არავის არასდროს არ მოუყოლია. ძალიან ბუნებრივი და "შენეულია". თუ ადამიანი საკუთარი თავს არ ემალება, არ ენიღბება, ამ წიგნს აუცილებლად მიიღებს ისეთს, როგორიც არის და მიხვდება. მე პირადად, ამ წიგნის კითხვისას ძალიან დიდ სიამოვნებას განვიცდი.
5.
ელფრიდ ელინეკი - "საყვარლები". მე რომ მწერალი ვყოფილიყავი ალბათ ასეთ წიგნს დავწერდი. ძალიან ქალურს, ცოტა ბრაზით, ბოროტებით და სარკაზმით, გაუაზრებელ და პრიმიტიულ სიყვარულს დავცინებდი. აი ისეთს - სიყვარული რომ მომავალ ცხოვრების დონესთან,საქმიანობასთანაა გაიგივებული, ბავშვის გაჩენა სოციალური სტატუსის გამყარებასთან.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წიგნი გერმანიის პროვინციაზე მოგვითხრობს, მაგრამ პირადად მე, რომ ვკითხულობ მგონია, რომ ბრიგიტა ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგოა. რომელსაც მარტო იმიტომ გააჩნია საშო, რომ ჰაინცის სპერმით განაყოფიერდეს და ერთ მშვენიერ დღეს შეეშვას ბიუსტჰალტერების ფაბრიკაში მკერავად მუშაობას.
ჰო, ახლა ლე კლეზიოს "უდაბნოს" ძებნა უნდა დავიწყო. კი არ მიყვარს ასეთი ბლოგერული პროექტები, მაგრამ ეს რაღაც დასაშვებობის ფარგლებშია მგონი.
სულ ესაა.
Posted by Anuschka at 11:20 PM View Comments Links to this post
Wednesday, January 20
GudaurSKI - დასვენება გუდაურში

ბევრისთვის, რომელიც ბავშვობიდან გუდაურში არ დადიოდა, ძნელია ინფორმაციის მოძიება თუ სად როგორ და რა ფასად შეიძლება წავიდეს დასასვენებლად.
ეს რათქმაუნდა ზოგადად ქართული საინფორმაციო ვაკუუმის ბრალია. გამოვასწოროთ. ცოტათი მაინც.
საუბარი რა თქმა უნდა არ მაქვს მარკო პოლოზე, თრუსოზე და სხვა ისეთ სასტუმროებზე, სადაც ღამის გათევა მინიმუმ 200$ ჯდება.
თუ ხართ ჩემსავით სტუდენტი, ცხოვრობთ იმ ხელფასით, რასაც თვიდან თქვემდე გამოიმუშავებთ, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ და გუდაურში თუნდაც ორი დღით დაისვენოთ, შაბათ კვირას და განტვირთვა მოაწყოთ. ვინც აქტიურად სრიალებს ის დამეთანხმება რომ არაფერი არ არის იმაზე "ტკბილი" დაღლილი, გაყინული,თბილ კოტეჯში რომ შეხვალ, კონიაკიან ჩაის მოწრუპავ და შენს მეგობრებთან ერთად ილაქლაქებ დაძნებამდე, რბილ ლოგინში ჩაწვები და ძილის წინ მარტო იმის ფიქრს მოასწრებ - ნეტა ხვალ კარგი ტრასები იყოსო. 
კოტეჯს "გუდაურსკი" ქვია. მეორე ტრასის გვერდზეა - სამ წუთში ფეხით "გრადუსთან" ხარ (ასე რომ, საღამოს, კანატკის დაკეტვასთან ერთად სახლში გამოქცევა არ მოგიწევს).
კოტეჯი ორსართულიანია, ორი საერთო ოთახით, რომლებშიც კარგი აუდიო სისტემა-კარაოკეა. 24 საათიან გათბობაზე და ცხელ წყალზე არ მაქვს საუბარი.
ყველაზე მაგარი ისაა, რომ დღე-ღამე ღირს სულ რაღაც 65 ლარი, და ამაში შედის :
*სამჯერადი უუუგემრიელესი კვება
*თხილამურები (მთელი აღჭურვილობა, 2008 წლის კომპლექტი)
*კანატკა (რაც ყველაზე ძვირი ჯდება)
*ტრენერი (თუ სრიალს ახლა იწყებთ)
მართლა შოკში ვარ ამ ინფორმაციის მერე. უმაგრესი პირობებია. დამიჯერეთ, არ არის ეს პოსტი სარეკლამო (საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ ვშოულობ ბლოგით ფულს) უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ საქართველოში ასეთი მომსახურება შემოვიდა და ვაშეარებ!
დაისვენეთ, ისრიალეთ და კოორდინატებისთვს მომწერეთ მეილზე.
Be HappY Now!!!!!!!!!
Posted by Anuschka at 10:39 PM View Comments Links to this post
As I lay dying - სული რომ ამომდიოდა

ასე ვართ ხოლმე. ვართ თუ ვარ - აღარც ვიცი, მაინც არ ვილაპარაკებ თქვენზე, ყველაზე. და სანამ კლავიატურის არაფრისმთქმელი წკაპაწკუპი ძლივს თავმოყრილ აზრებს გამიფანტავდეს იმას დავწერ, როგორ ვიცლები ხოლმე.
ასე ხდება - ივსება, ივსება ივსება ადამიანი (შეიძლება ქალი?? არვიცი, კაცებიც თუ იცლებიან ხოლმე ასე, სიკვდილამდე) და მერე ერთბაშად ეღვიძება გამოცლილს. კისრის მიტრიალება მეზარება ხოლმე და თვალებს ვაცეცებ აქეთ იქეთ. სურვილებიც მარტო ისეთი მრჩება - ყველაზე ბუნებრივი და პირველყოფილი. სხვა აღარაფერი აღარ მახსოვს და ეს სურვილები, რომელიც ჯერ შემრჩა და რომლიდანაც ახლიდან უნდა ავაწყო ყველაფერი, რომლებზეც ახლიდან უნდა "ავივსო" ისეთი მძაფრია.
კისრის მოტრიალებაც მეზარება მეთქი ვამბობდი. თან გაღვიძებისთანავე ასე ვარ და ეგრევე ვხვდები - აჰა, ვსო, მორჩა. აღარაფერი მეშველება. ვდარდობ ხოლმე, ისე ვარ გამოცარიელებული ახლა რაღა ამავსებს თქო ახლიდან, ან რამდენი უნდა ვიწვალო, ყველაფერი ის რომ დავიბრუნო რაც აქამდე მქონდა მეთქი. ერთი გვერდიდან მეორეზე ვტრიალდები და წიგნის კითხვას ვაგრძელებ:
"ქალი კიდე ეგ არი. საკუთარ დას პირველი თვითონ გაუთხრის სამარეს, არადა ქვეყანაზე უსირცხვილოდ დატანტალებს, იცის, ხალხი ზრუნვას არ მომაკლებს, კაცები მაინც მომხედავენო. ქალები ფეხებზე ჰკიდია. მართლაც, ქალს ხომ არ ჩაუგდია ამ დღეში, თვითონ გასაჭირადაც რომ არ მიაჩნია. ეგრეა. ერთი გაათხოვე ან გაუთხოვრად ამამაძაღლე, მაშინვე განუდგება საქალეთს და თავის დღე და მოსწრება სულ კაცებში გათქვეფას ეცდება. შენ რა გგონია, თუთუნსაც ამიტონ ყნოსავენ და ეწევიან, არჩევნებში მონაწილეობაც მარტო ამიტომ უნდათ".
ვერაფერს იტყვი. გენდერული საკითხის არაჩვეულებრივი გადაწყვეტაა. აყაყანდით ახლა ფემინისტები. ასეა და ვერსად ვერ გაექცევი მაინც.
მე რა ამავსებს, ასე უღმერთოდ გამოცარიელებულს, ეგ მაინც ვიცოდე.
Posted by Anuschka at 11:46 AM View Comments Links to this post
Monday, January 18
Double life of Annie - after party ამბები
არ ვიცი წერა საიდან დავიცწყო. იმდენი ამბავი დაგროვდა. ისეთი არეულობა იყო - სახლშიც და ფიქრებშიც. სახლი ცოტა დალაგდა, და მე ასე დავრჩი. მეშველება ალბათ რამე.
როგორ მინდა, ვონეგუტის კიდევ რამოდენიმე თავი გამოვაქვეყნო - მაგრამ თან მინდა და თან ეგოიზმი მიტევს - ხომ შეიძლება, ამ თარგმანში, როდესმე, თუ გამოუჩნდება პროფესიონალი რედაქტორი და გამომცემელი ფულიც ავიღო??
მაგისტრატურის თემაზე რომ ვორჭოფობ ეს უკვე აღარც თქვენთვისაა ახალი. არც 2010-ში დამინებებია თავი ინტერნეტში ქექვისთვის.რაც უფრო მეტს ვეძებ, უფრო მეტად ვრწმუნდები რა ძელია ყველაფერი ის, რისი გავლაც მე დავისახე მიზნად. თუმცა არც ისაა ადვილი, რომ დავრჩე, ბავშვები გავაჩინო და გავზარდო. მერე კი მთელი ცხოვრება ვინანო ამის გამო.
დავალება მაქვს ნიურემბერგის პროცესზე და მის მონაწილეებზე.. ისეთი რთული პროცესია, ისეთი დამღლელი.. ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვს, რომ ეს სასამართლო - გამარჯვებულთა სასამართლოა, გახსოვს, რომ მეორე მხარეს არ ასამართლებენ . Vae Victis!!!ამ დროს ხედავ საკონცენტრაციო ბანაკების კადრებს, და სულ იბნევი.
ახალმა წლებმაც ჩაიარა. ჩაიარა იმან, რომ მთელი ღამე ვისხედით, მუსიკას რიგრიგობით ვრთავდით, ვაკეთებდით ქაღალდის ანგელოზებს, ვსვამდით, და ბევრს ვეწეოდით. საღამოს ექვს საათზე ვიღმიძებდით, ერთმანეთს ჭიქა ყავის მერე უსიტყვოდ მშორდებოდით და ღამით მაინც ერთად ვხვდებოდით, ისევ ვსვამდით, ვეწეოდით და ყველაფერი თავიდან.. ჩაიარა ჩემმა დაბადების დღემ, რომელიც ყველაზე ხმაურიანი იყო, რაც ოდესმე მქონია.
გავიზარდე, და მინდა თუ არ მინდა, მიწევს დაფიქრება ისეთ რაღაცეებზე, რომელსაც ერთი მხრიდან ვერ განსჯი, ერთი მხრიდან ვერ შეხედავ, ვერასდროს, რამდენიც არ უნდა იფიქრო, ვერ გადაწყევტ რომელ მხარეს არის სიმართლე. და ძნელია, ძალიან ძნელი. მაგრამ, ისეთი საინტერესო!
P.S.დანარჩენი ამბების სურათებს ცოტა ხანში გადმოვიტან ამ ლეპტოპში და გაჩვენებთ :)now, Lili Marleen..
Posted by Anuschka at 12:09 AM View Comments Links to this post
Sunday, January 10
სექსუალური რევოლუცია - how does it make u feel

პირველი სექსუალური რევოლუცია როდის მოხდა არ ვიცი - ალბათ, ძალიან ძალიან ადრე. ამგვარ რევოლუციებს ყოველთვის ყველაზე თავისუფალი ხალხი იწყებდა.(თავისუფალში აუცილებლად "კარგი" და "მისაბაძი" არ იგულისხმება). ყველაფერი იატაკქვეშეთში იწყებოდა, და მას მერე, რაც დაფარულის და გაპიარებული გარყვნილობის მიბაძვით ბევრი ადამიანი დაკავდებოდა, ყველაფერი მასირებულ ორგიაში იზრდებოდა. ამგვარი სცენარი კაცობრიობის ისტორიაში რამოდენიმეჯერ განმეორდა.
თუმცა, ყოველ მასირებულ ორგიას, აჟიტირებული მასის ეაკულაციის შემდეგ პოსტ-ორგაზმული ზიზღი ეუფლებოდა და ყოველივეს, რაც საკუთარ შეცდომებს ახსენებდა, ღრმად კეტავდა, ტაბუს ადებდა და რამოდენიმე ხნით ივიწყებდა.
ივიწყებდა - ანუ, ივიწყებდა გარეგნულად, მაგრამ მარტო რომ დარჩებოდა დღე და ღამე ისევ ახალ სექსუალურ რევოლუციისთვის აწყობდა გეგმებს. განსაკუთრებით თავისუფლები ამ ყველაფერს ისევ ხელახლა იწყებდნენ მიწისქვეშეთში და ასე უსასრულოდ.
კულტურულ წიაღსვლებს რომ თავი დავანებო, და ამ ამბების მხატვრობით ან კინემატოგრაფიული ნიმუშებით დადასტურებას შევეშვა, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი დიდი სისულელეა. ზოგადად, სისულელედ მიმაჩნია ყველაფერი, რაც მასობრივ სახეს იღებს. ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ, რომ ძალიან თავისუფალი და სექსუალური ნოვატორი ხართ - კარგად დაფიქრდით - მართლა გინდათ ეს თუ უბრალოდ მოდას აყევით??? უფრთხილდით პოსტორგაზმულ ზიზღებს, და ამ თემის ტაბუირებას საკუთარ თავში.
ზოგადად, კი ძალიან კარგი წიგნია ამ თემაზე - ელემენტარული ნაწილაკები (მიშელ უელბეკი), რომელსაც, თუ წაიკითხავთ მიხვდებით, რომ ამგვარ აჟიტირებას ადამიანები ფრუსტრაციამდე და პიროვნულ გათიშულობამდე მიჰყავს.
ასევე, must read წიგნებია ვარგას ლ'ოსას "უზრდელი გოგონას გამოხტომები" და "საქებარი სიტყვები დედინაცვალს". უელბეკის "ლანცაროტე". ეტგარ კერეტის მოთხრობები "ნებროთმა გარეკა", ბეგბედერის "99 ფრანკი" და "ექსტაზში დაწერილი ნოველები".
ზოგადად, ამ ცვლილებების კულტურული შედეგების დაკვირვება საინტერესოა, დაინტერესებულებს კი, ვურჩევდი, რომ რევოლუციები ჯერ საკუთარ თავში მოაწყონ, და პრაქტიკაში გადმოტანა არ იჩქარონ, ნებისმიერ შემთხვევაში, სექსი, კარგავს ყოველგვარ "სასიამოვნოს" როდესაც აქტი ხდება არა ადამიანების ინტიმური კავშირი, არამედ საზოგადოებრივი მოვლენა.
მოკლედ, მთავარია how does it make YOU feel ..
Posted by Anuschka at 12:15 AM View Comments Links to this post
Wednesday, January 6
We Are All Mad Here, MAMA!
როგორც იქნა! მოვახერხე და ავტვირთე ყველაზე ლამაზი ფოტოები, მათ შორის, რაც ოდესმე გადამიღია. მიხარია მიხარია მიხარია!!!!!!!!!
შეგიძლიათ ნახოთ აი აქ
ფოტოებს რომ ნახავთ, შენიშვნები და აღფრთოვანებები თავისუფლად გამოხატეთ :)
Posted by Anuschka at 9:58 PM View Comments Links to this post
Tuesday, January 5
I don't wanna grow up!

არ მინდა გაზრდა. ერთ კვირაში, 21 წლის ანუშკა ვიქნები.
მენატრება ყველაფერი, რაც აქამდე იყო. რაღაც ვიდეოსაც ვაკეთებდი ახლა, მაგრამ, გადაბმული 5 დღიანი ინსომნია მაქვს და ხმას და ფოტოს ერთმანეთს ვერ ვასვამ :) მინდოდა მომეყოლა თქვენთვის ყველაფერზე, რასაც აქამდე ვგრძნობდი, აქამდე, სანამ 2010 წელი გახდებოდა.
Comb their hair and shine their shoes, I don't wanna grow up..
სამთვიანი უძილობები, ლეკას მუდმივად გადადებული და ჩვენი მუდმივად ჩატარებული გამოცდები.
მოტეხილი ხელი და გადარბენები ვაჟა-დიღმის გზაზე. ყველიანი სირნიკები.
კასეტის ლენტებიანი ხეები ზამთარში და მოტეხილი ხელი.
გუდაურის ბილიარდი და ლეკას სასწაულები.
კუსტბაზე აღმოჩენილი ჭეშმარიტება და კაცი ROLLING STONESის მაისურით.
კვარიათი-ბათუმის ჰიჩ ჰაიქინგი, ჟუდკი ხაზეიკა და შხაპი დილის 6 საათზე. არაჟნიანი სოსისები და შავი პური.
ვებ კამერა და შავ-თეთრი სასწაულები. ფოტოაპარატის ჩხაკუნი და ჩვენი პირადი ნოუ ჰაუ.
სწავლაში გათენებული ღამეები და გამოცდის წინა ჩილიმი.
ლეკას ოფელიობა სიონში. გზაზე ტომის RAIN DOGS ებით.
პრაღის honeymoon და ტომის კონცერტი.
ალმადოვარი, ბიგას ლუნა, პიემესი და ცივი ზეწრები.
ეს ბლოგი და თქვენ, მარმელადებით და ლიმნიანი ნამცხვრებით.
მე ვფიქრობ, რამოდენიმე ხანი კიდევ ვიცხოვრებ თქვენთან ერთად.
ეს სიმღერა-ყველა ჩემი უძილო ღამის აუცილებელი ატრიბუტი. ჩემი ცოცხალი სიზმარი და ის სიმშვიდე, რომელიც ახლა მაქვს და ამდენი ხანი ხან სად ვეძებდი და ხან სად :)
Posted by Anuschka at 1:17 AM View Comments Links to this post
Thursday, December 31
Silent Night, Holy Night
Silent night, holy night all is warm and all is bright.
ღამე მშვიდობისა. არც კი ვიცი, რითი დავიწყო წერა, იმის, რითაც ეს წელი მთავრდება, ჩემს ტვინში ორი რადიკალური ხაზი ერთმანეთს კვეთს, და უკვე მერამდენედ საწერად გამზადებულ ხელებს თავს უკან ვიწყობ და ვუყურებ როგორ ადის სიგარეტის ბოლი ზევით.
ცოტა ხნის წინ ვთქვი, წერას უნდა შევეშვა თქო. რაღაცას რომ ვიტყვი, მერე ჭკუაშიც მიჯდება ხოლმე მაგრამ ეს - გადავიფიქრე. სახლი დალაგებულია, ნაძვის ხე - ლამაზი. ჩვენ, როგორც ყოველთვის დაბნეულები ვზივართ.
სახლს იკეას ახალი სანათი ძალიან უხდება. მეც ვუხდები, კუთხეში მიყუჟული, ინდიფერენტული და დაბნეული. დღეს ულამაზესი ნაღების ტორტი გავაკეთე, გოზინაყიც და სხვა რამე-რუმეებიც. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ რომელიმე ახალი წელი მაინც ხომ უნდა იყოს ისეთი, გამორჩეული, ჰოდა, ეს თუ არ იქნება, ესეიგი მომავალ წელს მელოდება კარგი განწყობა, მომავალ წელს თუ არა, იმის შემდეგ და მოკლედ..jpg)
არ მაქვს არაფერი განსაკუთრებული თქვენთვის. ვერაფერს ვერ ვაჯამებ, ალბათ ძალიან მეძინება. ველოდები, რომ როდესმე, შეიძლება დავჯდეთ, ჩემი გაკეთებული სალათი ბროლის ვაზებში ჩავდოთ, პროექტორზე ძველი ფილმი გავუშვათ და პასტერნაკის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს ავყვეთ. ველოდები რა მოხდება, სად წავალთ, როდის ვიტირებ და რატომ, რა გამიხარდება, რაზე დამწყდება გული. მცივა.
ბუნებრივი სიხარული მინდა. თუნდაც არც ისეთი "სიხარული", მაგრამ მაინც სასიამოვნო. მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ ჩემს ცხოვრებას. ახლა მგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი ადამიანი ვარ : )
გილოცავთ, ტომის ყველაზე საახალწლო,და ყველაზე ქალური სიმღერით ქალზე, რომელიც თავის ძველ ბოიფრენდს იხსენებს საახალწლოდ, და წერს წერილს, მინეაპოლისში. გულახდილობის და დღესასწაულის მოლოდინის ზეიმია. ასეთი ახალი წელი მაქვს ხოლმე მეც. მოლოდინით, ფრუსტრაციით და გულახდილობებით. არაფერია ამაში განსაკუთრებული :)
I still think I love u all.
Posted by Anuschka at 12:28 AM View Comments Links to this post